თქვენ იმყოფებით TSGroup-ის საიტზე, რომელიც ქართულ სივრცეში ამ ეტაპზე უპრეცედენტოა და მთელი რიგი სიახლეებით არის წარმოდგენილი. არა... ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ საიტის მსგავსი თემატიკის საიტები არ არსებობს ქართულ სინამდვილეში... ცხადია, ჩვენამდეც არსებობდნენ და არსებობენ ქართული საიტები, რომლებიც ტრეიდინგის თემატიკას უკავშირდებიან, მაგრამ ჩვენი საიტი იმავე ტრეიდინგულ სივრცეში პრინციპულად სხვა კუთხით არის წარმოდგენილი და აი, რატომ....
დავიწყოთ აბრევიატურის წაკითხვით - რას ნიშნავს TSGroup?
ვისაც ტრეიდინგთან სულ ოდნავი ან სულაც თეორიული შეხება მაინც ჰქონია, ალბათ მისთვის ნაცნობია ტერმინები Take Profit და Stop Loss. პირველი ნიშნავს მოგების ფიქსირებას, ხოლო მეორე პირიქით - წაგების დაფიქსირებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტრეიდინგულ სივრცეში ორივე ეს მომენტი - მოგება და წაგება - ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. თუმცა, გადახედეთ აბა ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ უამრავ მასალას და იოლად შეამჩნევთ, რომ უმეტესი მათგანი საუბრობს მხოლოდ მოგებაზე (Take Profit) და არაფერს ამბობს წაგების შესახებ (Loss). ამას თავისი მიზეზები გააჩნია, რომელთა შორის არის სხვადასხვა კეთილსინდისიერი თუ თაღლითი ბროკერების ინტერესები - გამოუცდელი ხალხი დააინტერესონ მათთან ვაჭრობით და აუშენონ ოცნების კოშკები, აქაოდა, თუ ჩვენთან ივაჭრებთ ფინანსურ სარგებელს ნახავთო. რეალობა კი რა არის? რეალობა ის არის რომ უამრავმა ადამიანმა დაკარგა საკმაოდ დიდი თანხა მხოლოდ იმის გამო, რომ არ გაითვალისწინეს მარტიივი ჭეშმარიტება - ვაჭრობისას როგორც მოგება, ასევე წაგება იოლად შესაძლებელია. ცხადია, ინტერნეტ სივრცეში არის ისეთი მასალებიც სადაც საუბრობენ წაგების შესაძლებლობასა და მის დროულ ფიქსირებაზეც (Stop Loss) აკეთებენ აქცენტს, მაგრამ დაგვერწმუნეთ, ასეთი მასალები საკმაოდ იშვიათია და ის მხოლოდ პროფესიონალთა მხრიდან შეიძლება იქნას მოწოდებული.
აი, ჩვენი აბრევიატურის პირველი ნაწილი TS - Take Profit და Stop Loss ნიშნავს იმას, რომ მასალებს, რომლებსაც ჩვენ მოგაწვდით და რომლის შესახებაც ამ საიტზე იქნება საუბარი, იგულისხმებს ორივე შემადგენელს - მოგებისა და წაგების ვარიანტებს. ჩვენ არ დავმალავთ იმას, რომ რისკები არსებობს და ამ რისკების შესახებ სისტემატურად ვისაუბრებთ. უფრო მეტიც, ჩვენი საიტი ორიენტირებული იქნება იმისკენ, რომ ტრეიდინგით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცეთ მიიღონ ხარისხიანი გაკვეთილები და ინფორმაციები. შესაბამისად, ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ არა იმაზე, როგორ უნდა გამოიმუშავოთ თანხები, არამედ იმაზე, თუ როგორ არ უნდა დაკარგოთ თანხები ვაჭრობისას.
დააკვირდით ჩვენს მიზანს: ჩვენ არ გპირდებით იმას, რომ ფულს გამოიმუშავებთ. არც იმას გიჩიჩინებთ, რომ თანხებს დაკარგავთ. ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. დააკვირდით - ჩვენ გასწავლით იმას, თუ როგორ არ უნდა დაკარგოთ ფული და უკვე, ამის შემდეგ, როგორ შეიძლება თანხის გამომუშავება!
აქვე დავსძენთ, რომ არავითარი „გრაალი“ და წაუგებელი სავაჭრო სისტემა არ არსებობს. თუ ვინმე ამ საიტისაგან რაიმე მსგავს ელოდებით, ნუღარ გააგრძელებთ ამ სტატიის კითხვას. ახლავე დახურეთ ეს გვერდი და ნუღარ გვესტუმრებით.
ნელ-ნელა მივადექით ჩვენი აბრევიატურის მეორე ნაწილს - Group.
დიახ, ჩვენ ვართ გუნდი და ამ გუნდს ძალიან საინტერესო ისტორია და მიზნები აქვს. ისტორიის მოყოლაზე ახლა თავს არ შეგაწყენთ... როცა საინტერესო გახდება ეს, ამის შესახებ მაშინ ვისაუბროთ... ახლა კი მხოლოდ მიზნებს შევეხოთ.
მიზანი ძლიერ მარტივად შეიძლება ჩამოყალიბდეს - ჩვენ გვსურს ქართულ აუდიტორიას გავაცნოთ ბირჟაზე ვაჭრობის ელემენტები, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მათგანაც მოვისმინოთ სურვილები, შენიშვნები თუ შემოთავაზებები.
საქმე ის გახლავთ, რომ სხვადასხვა ბროკერ-კომპანია თუ მათ მიერ დაქირავებული ტრეიდერები ხშირად აცხადებენ ტრეიდინგის შესწავლის კურსებს. უფრო მეტიც. ოღონდ კლიენტურა მოიზიდონ და ამ კურსებს ხშირად ძლიერ იაფად ან სულაც უფასოდ სთავაზობენ აუდიტორიას.
და, რა ხდება ამ კურსებზე?
ამ კურსებზე (ხშირ შემთხვევაში) აუდიტორიას ასწავლიან სხვადასხვა ინდიკატორებით ვაჭრობას და თან, სპეკულირებენ რა ისტორიული გრაფიკებით, სადაც ფასმა უკვე აჩვენა თავისი მოძრაობა, თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ ინდიკატორებით ვაჭრობა (მით უფრო თუ ეს ინდიკატორები თვითონ ამ ბროკერ-კომპანიამ შესთავაზა თავის მსმენელებს) სრულიად მომგებიანია და სრულიად გამოუცდელსაც კი იოლად შეუძლია თანხის გამომუშავება. სინამდვილეში კი, როგორც ამას გამოცდილება გვიჩვენებს და თითქმის ყველა პროფესიონალი ადასტურებს, ინდიკატორულ ვაჭრობას მოაქვს მხოლოდ ზარალი და ხშირ შემთხვევაში კაპიტალის სრული ლიკვიდაცია. ამისი მიზეზი კი მარტივია: ახალბედა არ იცავს მანიმენეჯმენტს, არ იცავს რისკმენეჯმენტს, ვაჭრობის გამოცდილება არ აქვს და თავბრუდახვეული, აქაოდა რაღაცა ინდიკატორები ვიშოვეთ და ფულსაც იოლად ვიშოვითო, იწყებენ ვაჭრობას და როგორც წესი კაპიტალის დაკარგვით ასრულებენ ტრეიდერის ხანმოკლე კარიერას.
გახსოვთ ზემოთ რაზე ვსაუბრობდით? ჩვენ ვამბობდით იმას, რომ ორიენტირებულები ვართ არა იმაზე, რომ მოვიგოთ, არამედ იმაზე რომ არ წავაგოთ და ამის შედეგად შევძლოთ თანხის გამომუშავება. ეს სწორედ მანიმენეჯმენტის, რისკმენეჯმენტისა და გამართული სავაჭრო სისტემის გამოყენებითაა შესაძლებელი. გამართული სავაჭრო სისტემა კი გულისხმობს ტრეიდინგისადმი პროფესიონალურ მიდგომას, რაც მხოლოდ ბაზრის მოცულობითი ანალიზის წარმოებითაა შესაძლებელი.
მაშ ასე, ჩვენი გუნდი სწორედ მოცულობითი ანალიზითაა დაკავებული და სწორედ ამ მეთოდით ვაჭრობაზეა ის ორიენტირებული. შესაბამისად, ეს საიტი მხოლოდ მოცულობითი ანალიზისა და ბაზრის მექანიკის ანუ ბირჟაზე ფასის მოძრაობის პრინციპის განხილვით იქნება დაკავებული და ნებისმიერი მსჯელობა ტრეიდინგთან დაკავშირებით სწორედ ამ მეთოდს დაუკავშირდება. კლასტერულ-მოცულობითი ანალიზი, ფასის დელტა მაჩვენებელი, ფასის მოძრაობის პრინციპი, ბირჟაზე ვაჭრობის თავისებურებები, ფიუჩერსებითა და აქციებით ვაჭრობის ელემენტები, მანიმენეჯმენტი, რისკმენეჯმენტი, გამართული სავაჭრო სისტემა და ტრეიდერისათვის აუცილებელი დისციპლინა - აი, ის ძირითადი თემები, რომლის შესახებაც ამ საიტზე ვისაუბრებთ.
საიტზე პერიოდულად დაიდება სხვადასხვა სტატია და ვიდეომასალა. გვექნება ანალიტიკა. ასევე გვექნება ვიდეოინსტრუქციები და ვიდეომიმოხილვები. ჩვენს გუნდს გადაწყვეტილი აქვს შექმნას ფორუმი, რომელიც საიტის ფარგლებში იარსებებს და უფრო მოხერხებულს გახდის თქვენთან თანამშრომლობას.
ამდენად, გეგმები ბევრია, გუნდი კი ჯერ მცირეა და... მცირე აქვს შესაძლებლობებიც... შესაბამისად, თავიდან არ ვართ დაზღვეულები მცირე შეცდომებისაგან, თუმცა, იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერებისა და თანამშრომლობის.
მაშ ასე, ჩვენ ვართ TSGroup და თქვენ ამ საიტზე ჩვენი სტუმრები ბრძანდებით!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანებს ჩვენთან. ჩვენ კი შევეცდებით მაქსიმალურად დაგეხმაროთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.
TSGroup-ის ადმინისტრაცია